понедельник, 10 марта 2014 г.

ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ვერსიები

ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ვერსიები - ორმა-სამმა კაცმა იცოდა სიმართლე და სამარეში წაიღო
ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ვერსიები -  ორმა-სამმა კაცმა იცოდა სიმართლე და სამარეში წაიღო
24-02-2014
2014 წელი ვანო მაჩაბლის საიუბილეო წლად გამოცხადდა

"ერთი ვერსიით, მაჩაბელი ილიამ მოაკვლევინა და მერე აკაკი დაეხმარა გვამის დაწვაშიო"(!)


რას ვიფიქრებდი, თუ ერთი უბრალო მისამართი ამდენს დაიტევდა: წეროვანი, კოტეჯი #N407. მისამართი-მეთქი და უმისამართობა უფრო ეთქმის... თორემ ამ ერთმანეთის მსგავს კოტეჯებს შორის რა უნდა ვანო მაჩაბლის სახლ-მუზეუმს?! რა უნდა და ის, რომ სოფელი თამარაშენი, სადაც 1854 წლის 8 თებერვალს მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, დიდი ვანო მაჩაბელი დაიბადა, - ადგილი, რომელიც მართლაც მისამართი იყო მაჩაბლების კარ-მიდამოსი, საქართველოს სამწუხარო რეალობაში აღარ არსებობს. ვანო მაჩაბელმა ამჯერადაც გაიზიარა საქართველოს ბედი - დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში, კიდევ ერთხელ შეეწირა ქვეყნის უბედობას!

#407-მა კოტეჯმა ამ დღეს ბევრ სტუმარს უმასპინძლა. ფეხაკრეფით, მოწიწებით შედიოდნენ სამშობლოშემოძარცული ქართველები დროებით თავშესაფრად აგებულ პატარა შენობაში. ალბათ, თითოეული მათგანი ყელში მობჯენილ ცრემლს ყლაპავდა. იქნებ სიმბოლურიცაა, რომ მამულიშვილი, რომელსაც ილიას საქმის გამგრძელებლად მოიაზრებდნენ, რომელიც მაჩაბელთა დიდი გვარის ჩამომავალი იყო, დღეს ამ მცირე ოთხ კედელს შორის მოქცეულა თავისი მემკვიდრეობით. აღარსად არის მაჩაბლიანთ დიდი სახლი და მისი რიკულებიანი, ფართო აივანი. მტრის სურვილი იყო, მისი კვალი არ უნდა დარჩენილიყო ქართულ მიწაზე, როგორც ნიშანი დაკარგული და წართმეული მიწის ყივილისა...

მუზეუმი განადგურებულია


თამარაშენი დღეს მიწასთან არის გასწორებული. დანგრეულია მაჩაბლისეული ისტორიული ნაგებობაც - სახლი, რომელიც პირველად 90-იან წლებში ააფეთქეს. მას მერე, მაჩაბლის მემორიალური შენობის აღდგენა მოხერხდა, თუმცა 2008 წელს საბოლოოდ გაანადგურეს. რუსულ საინფორმაციო წყაროში ვკითხულობთ: На месте сожжённых и покинутых сел Тамарашени планируется построить аэропорт с удлиненной взлетно-посадочной полосой, способной принимать тяжелые транспортные самолеты.


დიდი ადამიანები ზოგჯერ სულელურ ამბებს ეწირებიან...


1898 წლის 26 ივნისს, გამთენიისას, ივანე მაჩაბელი შინიდან გავიდა და საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა, რაც მრავალი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა.

საუკუნეზე მეტი გავიდა და კითხვა: სად გაქრა ივანე მაჩაბელი?“პასუხგაუცემელია. იმთავითვე რამდენიმე ვერსია გავრცელდა: თვითმკვლელობისა, რომელსაც ვანო მაჩაბლის რთული პერიოდით ხსნიდნენ, (ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირება ბანკისა და ,,დროების" გამო, ავადმყოფობა, ვალები), მეორე ვერსიით - მკვლელობაში აკაკი წერეთელს ადანაშაულებდნენ (ანასტასია ბაგრატიონ-მაჩაბლის სიყვარულის გამო). ვანო მაჩაბლის სიყვარულზე არაერთი ლეგენდა არსებობს. ამბობდნენ, მას სხვა ქალი უყვარდა და ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი ითხოვა ცოლად, რომელსაც იმხანად ბევრი ეტრფოდა და გათხოვების მერეც ჰყავდა თაყვანისმცემლები... ქმარმა საყვარელთან მიუსწრო და უბედურება დატრიალდა - ვანო მაჩაბელი, რომელიც მძიმედ იყო ავად, ხელჩართული დაპირისპირებისას მოწინააღმდეგეს შემოაკვდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ივანე მაჩაბელმა მეუღლესთან და აკაკი წერეთელთან ერთად ივახშმა (აკაკი ხშირად სტუმრობდა მეგობარის ოჯახს). მამაკაცები მხიარულ გუნებაზე იყვნენ და ნარდიც ითამაშეს. 10 საათისთვის დასაძინებლად დაიშალნენ. დილით ანასტასიას საწოლ ოთახში ვანო აღარ დახვდა. ხელუხლებელი იყო ნივთები: საათი, ძეწკვი, პერანგის ოქროს ღილები და ფული... ჩვენებების მიხედვით, ვანო ღამის 4 საათზე ვიღაცას ესაუბრა აივნიდან. გოროდოვოიმ“გაიხსენა, რომ თავადმა ღამის 4 საათზე ჩქარი ნაბიჯით ჩაიარა და გოლოვინსკის პროსპექტისკენ გაუყვა.
გაქრა... ეძებდნენ მტკვარში, ტყეში, მდინარის პირას... ამაოდ.

ამ ჩვენებით აკაკი წერეთელს ეჭვმიტანილის როლი ერგო... თითქოს ტასოს საყვარელი და ვანოს მკვლელი იყო - მაჩაბელი წაადგა თავს მოტრფიალეებს, აკაკიმ მოკლა მეტოქე და მერე საკირეში ჩააგდოო... არადა, აკაკი  ტასოს სიყვარულს გულში ფარულად ატარებდა, რაც დასტურდება ,,სიკვდილის წინე აღსარებაში". მგოსნის გრძნობა ტასოსთვის გვიან გახდა ცნობილი, რის გამოც ქალმა მასთან მეგობრობაზეც კი ხელი აიღო. უერთგულესი და შეყვარებული მეუღლე მთელი სიცოცხლე ელოდა ქმარს. თუმცა ამბობდნენ იმასაც, რომ ორმა კაცმა ტასო ბაგრატიონისგან ზუსტად იცოდა, რა მოხდა იმ ღამეს. ერთი აკაკი წერეთელი იყო, მეორე - სოსიკო მერკვილაძე...

არსებობს კიდევ ერთი ვერსია: ვანოს გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, სამი გემით ბათუმიდან გავიდნენ ,,დუხაბორები", რომელთაც მფარველობდა სერგეი ტოლსტოი (ლევ ტოლსტოის უფროსი ვაჟი). სავარაუდოდ, ღამის 4 საათზე მან წაიყვანა ივანე მაჩაბელი, როგორც თარჯიმანი. ერთი გემი ჩაიძირა...
მაჩაბლის ტრაგიკული სიკვდილი ხელს აძლევდათ სოციალ-დემოკრატებს, მაშინ კი ამუშავდა ჭორების მანქანა-გენერატორი და რა აღარ თქვეს: ილიამ მოაკვლევინა და მერე აკაკი დაეხმარა გვამის დაწვაშიო... ვანო მაჩაბელი ისედაც მძიმედ იყო ავად და დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, მაგრამ ეჩქარებოდათ - ილიასაც უნდა გახეთქოდა გული მათი მონაჭორის მოსმენის შემდეგ! მაშინ წიწამურთან აღარ დასჭირდებოდათ ტყვიის გასროლა..
.
სიმბოლური იყო, რომ მაჩაბელი, რომელიც დიდ საქმეს აღასრულებდა თავისი ერისთვის, რომელიც ილიას ძლიერ ფესვზე ამოყრილი ყლორტივით იყო, ილიასვე დაუპირისპირეს. არადა, მათ ერთი საქმე უნდა ეკეთებინათ.
ასე წერდა წმინდანად შერაცხილი ექვთიმე თაყაიშვილი: "ილია ჭავჭავაძე ჩემ დროს იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და გაზეთ "ივერიის" რედაქტორი. ეს სამი დაწესებულება წარმოადგენდა უმთავრეს ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მართალია, არსებობდა კიდევ ქართული დრამატული საზოგადოება, მაგრამ ის სულს ღაფავდა. ხან აკაკი წერეთელი იყო მისი თავმჯდომარე, ხან ვინ...

ილია თუმცა ითვლებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ, მაგრამ სრულიად ვერ ესწრებოდა მის სხდომებს. ჩემს დროს იქ მის მოადგილედ ითვლებოდა ვანო მაჩაბელი, რომელიც საადგილმამულო ბანკის დირექტორიც იყო. პირველ ხანებში ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის არავითარი უსიამოვნება არ ყოფილა, ისინი თანხმობით მუშაობდნენ. ვანო მაჩაბელიც დიდი პატრიოტი იყო, ნიჭიერი, განათლებული, კარგი მუშაკი და თან სიმპათიური ადამიანი. ჩვენ საზოგადოებაშიც გავრცელებული იყო აზრი, რომ ილიას მემკვიდრე საზოგადო საქმეებში ვანო მაჩაბელი იქნებოდა. ილიასა და ვანოს შეხმატკბილებული მუშაობა ხომ, სხვათა შორის, იმაშიც გამოიხატა, რომ ერთად თარგმნეს "მეფე ლირი".

იმხანად ილიას უკვე ბევრი ემდუროდა, მუშაობას მოუკლო და დიდ დროს ანდომებს ქაღალდის თამაშსო. ზოგიერთი პირშიც ამხელდა.
მერე მოხდა რაღაც კონფლიქტი ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის. რა იყო მისი მთავარი მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ის კი ცხადად ჩანდა, რომ სათავადაზნაურო ბანკის საქმე უკან-უკან მიდიოდა. ვანო მაჩაბელმა განაცხადა, ილიამ დროზე არ იზრუნა ბანკის ბილეთების კონვერსიაზე და ამიტომ მსესხებელნი დავკარგეთო. ეს ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ იმას კი არ ითვალისწინებდნენ, რომ როცა ადამიანი წლოვანებაში შედის, მას ვეღარ მოვთხოვთ პირვანდელ ენერგიასა და შრომას; იმის მაგიერ, რომ ილიასათვის პენსია დაენიშნათ და ისე, პატივისცემითა და მადლობით აღენიშნათ მისი დამსახურება და ამრიგად გამოეცვალათ თავმჯდომარე, მათ საზოგადო კენჭისყრით გაშვება მოუნდომეს და აშკარა წინააღმდეგნი გახდნენ მისი".

სამწუხაროდ, დიდი ადამიანები ზოგჯერ სულელურ ამბებს ეწირებიან, მაგალითად, საკუთარი ცოლის მოარშიყისადმი მოქნეულ მძიმე უთოს (ასე ითქვა მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ... სწორედ ეს ვერსიაა გატარებული როსტომ ჩხეიძის პიესაში "26 ივნისის საიდუმლო", რომელიც დოკუმენტური ჩანაწერების საფუძველზე შეიქმნა).

სიმბოლურია ისიც, რომ მას მერე, რაც იდუმალ ვითარებაში გაქრა ვანო მაჩაბელი, ათასი რამ ითქვა და დაიწერა, თუმცა სიმართლე არც გაირკვა. მიზეზი - სიყვარულიცა და პატივისცემაც, რიდიცა და დავიწყების სურვილიც, საიდუმლოს ერთგულებაცა (დანამდვილებით იციან, რომ ორმა-სამმა კაცმა იცოდა სიმართლე და სამარეში წაიღო) და ტკივილის სიმწარეც...
დაპირისპირებებსა და დაუფიქრებელ ქცევას, ღალატსა და გაუაზრებლობას კი რაც მოსდევს თან, ყველამ ვიცით.

უკანასკნელი სიმბოლო: თამარაშენის დღევანდელი მისამართი - კოტეჯი N#407...

вторник, 24 декабря 2013 г.


გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და უამრავ სიხარულს გისურვებთ!

понедельник, 16 декабря 2013 г.

რატომ დახვრიტეს კომუნისტებმა ვაჟა-ფშაველას ვაჟი?

რატომ დახვრიტეს კომუნისტებმა ვაჟა-ფშაველას ვაჟი?
ელა ლიონიძე
15:45 03.04.2013
საქმე N22905-61, საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი...
კაბინეტი თუთუნის კვამლში იყო გახვეული, მაგიდის ლამპის შუქით განათებულ ოთახში მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის გაბურძგნული თმა და ბოროტად მოელვარე თვალები მოჩანდა. მზერით ხვრეტდა მის კაბინეტში მყოფ შალვა დადიანს, პავლე ინგოროყვასა და ალექსანდრე აბაშელს, რომლებიც მისგან ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის განთავისუფლებას ითხოვდნენ. დაძაბული სიჩუმე იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მწერლებს კინაღამ ნერვებმა უმტყუნათ. ორჯონიკიძემ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და კბილებში გამოსცრა: „ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ ყოფილიყო ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი!“
პავლე ინგოროყვამ ქუდს ხელი დაავლო და პირველი გამოვარდა კაბინეტიდან, დანარჩენებიც უხმოდ მიჰყვნენ
საქართველოს შსს- არქივში დევს საქართველოს "ჩეკაში" გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე N22905-61, რომელიც 1922 წელს შეიკერა და რომლის საფუძველზეც ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. ვაჟა-ფშაველას ვაჟი, ქვეყნის დიდი პატრიოტი და ინტელიგენტობით განსაკუთრებით გამორჩეული პიროვნება ლევან რაზიკაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის მტრად გამოაცხადა და, სამაგალითოდ, სიკვდილით დასაჯა.
ლევანი 1887 წელს დაიბადა, ის ვაჟა-ფშაველასა და კეკეს მეორე შვილია. ლევანი ცოტა ხანს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც ერთ მერხზე ისხდნენ ის და ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, ეს მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა და ლევან რაზიკაშვილს ბედისწერად ექცა...
ლევანი სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტობდა და სხვათა შორის, ეს ამბავი კომუნისტებს მთავარბრალდებადუდევთ სისხლის სამართლის საქმეში.
სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ვაჟა ცდილობდა, ლევანს სწავლა გაეგრძელებინა, ამიტომაც ხან ვის აწუხებდა სტიპენდიის თაობაზე და ხანვის, თუმცა ამაოდ. ბოლოს ლევანმა გორში სოცუზრუნველყოფის გამგებლად დაიწყო მუშაობა, სწორედ გორში ყოფნის პერიოდში გაიცნო ლევანმა, ულამაზესი 17 წლის თამარ თვარელიძე. ლევანი თამარის ძმას, იოსებს დაუმეგობრდა და მათ ოჯახში ხშირად დადიოდა. ერთხელ, სტუმრობისას ჩოხაზე ღილი აუწყდა. დედამ თამარს უბრძანა, სტუმრის ჩოხისთვის ღილი დაეკერებინა. დაფეხმძიმების შიშით თამარს ჩოხა, რაც შეიძლება შორს დაუჭერია, რომ კაბის კალთა მართლაც არ შეჰხებოდა და ღილი დიდი წვალებით დაუკერებია. ბოლოს და ბოლოს, მათი ამბავიც გაირკვა და ქორწილი გადაიხადეს. ნეფე-პატარძალს უკან ვაჟა-ფშაველა მოჰყვებოდათ, დიდი პოეტის ნახვას ხალხი ისე აღუფრთოვანებია, რომ ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ფარდაგები და ია-ვარდი მოუფენია. ვაჟას ბევრი არაფერი ებადა, თუმცა შვილს გული არ დასწყვიტა და თავისი ერთადერთი ძვირფასი ნივთი, ოქროს ძეწკვზე ჩამოკიდებული საათი, ქორწილშივე უსახსოვრა. სიკვდილის პირას მყოფი ვაჟა ლევანმა და თამარმა თბილისში მოინახულეს. ვაჟა ფეხმძიმე რძალს მუცელზე მოეფერა და უთხრა, მალე ლუკა დაიბადებაო. ლუკა რაზიკაშვილი ვაჟას სიკვდილის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას.
1920 წელს ლევანი ოჯახთან ერთად ჩარგალში დაბრუნდა, სადაც ფშავის მილიციის უფროსადაც დანიშნეს. მიუხედავად ასეთი თანამდებობისა, ის კარგი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდათ ფშაველებს, რომლებმაც მისი დაჭერის შემდეგ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს და ორმოცდაათზე მეტი ადამიანი წერილობითი ფორმით ითხოვდა ლევან რაზიკაშვილის გათავისუფლებას.
ამ პერიოდში ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. საბჭოთა ხელისუფლება ქაქუცას პარტიზანული რაზმების წევრებისა და აჯანყებულ ხევსურთა მიმართ დაუნდობელი და სასტიკი სადამსჯელო ღონიძიებების გატარებას შეუდგა. სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთის სიღრმეში შეიგზავნა მსხვილი სამხედრო შენაერთები, რომელთაც დაევალათ აჯანყების უმოკლეს დროში ჩახშობა და ხევსურთა დამორჩილება. ლევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის მილიციის უფროსი იყო. ალყაში მოქცეული ჩოლოყაშვილი კი გაქრა. აღმასკომის თავმჯდომარე სერგო სურგულაძემ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციას, ვერ შეასრულა სახკომსაბჭოს განსაკუთრებული და საგანგებო დავალება, რომლის მიხედვითაც, მას ხევსურეთისკენ დახეული ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის გზა უნდა გადაეკეტა, რისთვისაც ის დროებით თანამდებობიდან გადააყენეს. სერგო სურგულაძემ ქაქუცასა და მისი რაზმისთვის გზის არგადაკეტვის მიზეზად ფშავის მილიციის უფროსის - ლევან რაზიკაშვილის მიერ ბრძანების შეუსრულებლობა და ღალატი დაასახელა.
ლევან რაზიკაშვილის საქმეში დევს საქართველოს შინსახკომის მოადგილისა და მილიციის სამმართველოს უფროსის იოვიძის მიერ საქართველოს "ჩეკასადმი" 1922 წლის 8 ნოემბერს გაგზავნილი N445 სრულიად საიდუმლო მიწერილობა, რომელშიც ნათქვამია: "თქვენი 3 ნოემბრის N17756 მოთხოვნის თანახმად გაცნობებთ, რომ ჩემი ხევსურეთში ყოფნის დროს, როცა იქ საბჭოთა ხელისუფლების ორგანიზაციას ვახდენდი, თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარემ მომახსენა სიტყვიერად, რომ მაღაროსკარის მილიციის უფროს რაზიკაშვილს კავშირი ჰქონდა ბანდიტ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და მილიციის ბრძოლის თვალსაზრისით სრული უმოქმედობა, ის კი არა, თანაგრძნობაც კი გამოავლინა. საკუთარ თავს უწოდებდა ეროვნულ დემოკრატს. ფშავ-ხევსურეთში ჩვენი ოპერაციების დროს იგი თვითნებურად წავიდა სამსახურიდან. ყოველივე ამის გამო მე განკარგულება გავეცი, რაზიკაშვილი დაეპატიმრებინათ და ყველა საბრალდებო მასალით საქჩეკაში გადაეგზავნათ".
ამ მიწერილობის საფუძველზე, ვითომდა სამსახურებრივი საქმეების გამო, ლევან რაზიკაშვილი თიანეთის მილიციაში დაიბარეს. 1922 წლის 30 სექტემბერს ის თავისი ფეხით გამოცხადდა თიანეთის საგანგებო კომისიაში, სადაც დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ბანდიტიზმში მონაწილეობასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვებაში.
ლევან რაზიკაშვილის ბრალდებათა სერია შემდეგნაირად ააწყვეს: მამამისი, ვაჟა-ფშაველა, ფედერალისტებს თანაუგრძნობდა და მისი შვილიც "სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო". არადა, იმ დროს ის მხოლოდ 14 წლის მოსწავლე იყო და სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში. სკოლის მერხზე ლევანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მჯდარა. ქაქუცასთან მეგობრობა და სოციალ-ფედერალისტობა შემდეგაც გაგრძელებულა, რასაც ლევანი თვითონვე აღიარებდა. "1909 წლიდან თანავუგრძნობდი ფედერალისტებს," - გულწრფელად განაცხადა ერთ-ერთი დაკითხვის დროს. ასევე გაგრძელებულა მისი მეგობრობა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. ქაქუცა 1915 წელს ვაჟა-ფშაველას დაკრძალვასაც კი დასწრებია. საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლების დროს, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით ფშავში გამოჩენილა, ლევანი გულუხვად გამასპინძლებია სტუმარს და ნაბადი და ხანჯალიც უჩუქებია. ეს ამბავი მაშინვე გახმაურებულა და იმდროინდელ ხელისუფლებას საბჭოთა რეჟიმის მიმართ მტრულ მოქმედებად მიუჩნევია.
ლევანის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა მისმა ცოლმა თხოვნით მიმართა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს.
"უმორჩილესად გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს უმწეო მდგომარეობაში და ჩემი მეუღლის ლევან რაზიკაშვილის საქმე საჩქაროდ გამოიძიოთ და გაარჩიოთ, რომ ყოვლად უდანაშაულო ადამიანი ტყუილ-უბრალოდ არ დაიტანჯოს საპყრობილეში ჯდომითო“. თუმცა რათქმაუნდა თხოვნამ არ გაჭრა.
მიუხედავად ყველაფრისა, ლევან რაზიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის სისრულეში მოყვანა გაჭიანურდა არაერთი მიზეზის გამო. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ლევან რაზიკაშვილისაგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო ჩოლოყაშვილის ჯგუფის წევრთა ვინაობისა და საქმიანობის შესახებ და გამოევლინა ბრალდებულის უკან მდგარი ავტორიტეტული პიროვნებები.
ლევან რაზიკაშვილისთვის 1922 წლის 3-5 დეკემბერს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი 16 თებერვალს მოიყვანეს სისრულეში. ამის თაობაზე საბჭოთა ხელისუფლებას "ჩეკას" კომენდანტმა ჩააბარა ანგარიში.
"საქართველოს "ჩეკას" 1923 წლის 13 თებერვლის და საქართველოს "ჩეკას" პრეზიდიუმის 1923 წლის 13 თებერვლის 913 მიწერილობის საფუძველზე ჩემი, საქჩეკას კომენდანტის მიერ 1923 წლის 15-დან 16 თებერვალს, ღამის 2 საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი - დახვრეტა, შემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: 1. რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლის... ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლულ იქნა დახვრეტის ადგილას".
აი, ასეთი ტრაგიკული იყო ბედი, კიდევ ერთი ქართველი გმირისა.
აქვე დავამატებთ ერთ საინტერესო ფაქტსაც. მწერალ გივი ბუთხუზისათვის ვიღაც მოხუცს გაუმხელია. რაზიკაშვილის დახვრეტაში მონაწილეობას მეც ვიღებდიო. როცა დასახვრეტად მიგვყავდა, ერთხელაც არ შეუხრია წარბი, გვეძახდა სამშობლოს გამყიდველებს, ხალხის მტრებს, მკვლელებს.
მოტყუებით ჩამიგდეთ, ძაღლებო, არაო? არ შეგრჩებათ ჩემი დახვრეტა, მოვა დრო, ისევ აღსდგება საქართველო, მომავალი თაობები კეთილად გაიხსენებენ სამშობლოსათვის დაცემულთ და ბრალი თქვენი, თქვე უწმინდურებო, რომ მომგონებელიც აღარავინ იქნება თქვენიო”.
მართლაც, დრომ ყველას თავისი მიაგო .
ლევან რაზიკაშვილისა და მისთანათა უდანაშაულობასა და ღვაწლზე საუბარი და ძიება კი დღემდე გრძელდება.